მარიამ ქვრივიშვილი - აშშ ჩვენთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს
ჩვენ გვაქვს მომზადებული კვლევა, რომელსაც ამერიკულ ავიაკომპანიებთან შეხვედრაზე წარვადგენთ და კვლევაზე დაყრდნობით მათ ვაჩვენებთ, თუ რამხელა ტურისტული პოტენციალი არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობისთვის, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც აშშ-ში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებაზე იმყოფება.
მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ის და United-ის წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.
შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.