მარიამ ქვრივიშვილი - არ ვყოფილვართ და არც ახლა ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე
ჩვენ არ ვყოფილვართ და არც დღეს ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება ყოველთვის ადმინისტრაციის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო.
„შეხედულება, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია რომელიმე ბაზარზე დამოკიდებული იყო, მცდარია. ამაზე მეტყველებს კონკრეტული ციფრებიც. ვინც ჩაიხედავს სტატისტიკაში, ვერავინ იტყვის, რომ ვიყავით რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული. თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ 25 პროცენტი, რომელიც რუსეთის ბაზრის წილს შეადგენდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში 2018 წლის მონაცემებით, ბუნებრივია, არის მოწინავე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ არის ძირითადი წილის მატარებელი. 75 პროცენტი, რომელიც სხვა დანარჩენ ქვეყნებზეა გადანაწილებული, გვაძლევს იმაზე საუბრის საშუალებას, რომ არ ვყოფილვართ და არ ვართ დღეს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვის გამო მოსალოდნელ ზარალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზარალი შესაძლოა, ორ მილიარდამდე ლარამდე იყოს.
„2019 წელს ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ 1 მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა ტურისტული მიზნით, დანახარჯები კი, საქართველოში შეადგენდა 2 მლრდ 500 ათას ლარს. 2019 წლის პირველ ექვს თვეში უკვე შემოსული არის 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, თუმცა ახლა ვსაუბრობთ ღიად და გამჭვირვალედ იმაზე, რომ დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ არის მილიონამდე ტურისტი, რომლის დანახარჯებიც წესით უნდა ყოფილიყო 2 მილიარდამდე ლარი. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან და ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა რეგიონში ჩავდივართ, პირდაპირ ვესაუბრებით სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა“, – განაცხადა მან.
ქვრივიშვილის ინფორმაციით, უკვე გამოკვეთილია, რომ კახეთის რეგიონში, ქუთაისში, აჭარის რეგიონში, ასევე თბილისში ჯავშნების დაახლოებით 70-80 პროცენტი გაუქმდა.
„ამიტომ ბუნებრივია, მთელი ჩვენი გეგმა, ხედვა და მობილიზება არის იმის გარშემო, რომ საქართველოში ჩვენს სექტორს მიადგეს მინიმუმამდე ზარალი, რაც შესაძლოა, ე.წ სანქციამ იქონიოს.
სწორად დაგეგმილი კამპანიები, რაც წლის დასაწყისიდან ხორციელდება, მოგვცემს საშუალებას, რომ შევკვეცოთ შესაძლო ზარალი. პირველ კვარტალში საჯაროდ გამოვიტანეთ ის ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა მხარჯველუნარიანობით ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას და განვაცხადეთ ღიად, რომ ესენი იქნებოდა ქვეყნები, სადაც მარკეტინგული სახსრების მობილიზებას მოვახდენდით. მაგალითად – გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ. ამ ბაზრებზე შესვლა საკმაოდ რთულია, თუმცა გვქონდა წლის დასაწყისშივე იმის ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქტი და ინფრასტრუქტურა, რომელიც საკმაოდ კარგია და მის განვითარებაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, ტურისტებისთვის იყოს მოსაწონი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განმარტა დღეს ტურიზმის სექტორს აქვს გამოწვევა – აქცენტი კეთდებოდა არა რაოდენობის, არამედ ხარისხის უპირატესობის შესახებ. ახლა კი, აქცენტი მეტნაკლებად გადასატანია რაოდენობაზე.
„კამპანიები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ისრაელში და ფაქტობრივად, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ორი კრიტერიუმი არსებობს, ერთი – ქვეყნის ცნობადობა მეტნაკლებად, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ვმუშაობთ ყველა ავიაკომპანიასთან სიხშირეების გაზრდაზე, მეორე – ქვეყნები, სადაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა”, – განმარტა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.