მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ტურისტულ ზონებში სველი წერტილების პრობლემა მალე აღმოიფხვრება
ტურისტულ ზონებში სველი წერტილების პრობლემის ეფექტიანად დარეგულირებისთვის, მისი მართვა კერძო სექტორს უნდა გადაეცეს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ტურიზმის სექტორის გამოწვევები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო ტურისტულ ზონებში საპირფარეშოების პრობლემას.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ სველი წერტილების საკითხი კვლავ მოუგვარებელია, რაც ტურისტებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მიმიდნარეობს დაგეგმარება და აღნიშნული პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
„ერთ-ერთ პირველი, რასაც ხელი მოვკიდეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში, არის სველი წერტილების პრობლემების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებულია 70 ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილი რეიგონებში, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი ხვდება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუ რამდენი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდება ამ ყველაფრის რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებას. ვხედავთ, რომ ეს უნდა იყოს ე.წ. საჯარო-კერძო მმართველობის მოდელი, ანუ მართავში უნდა გადაეცეს კერძო სექტორს, რადგან ეს არის ცალსახად კომერციული საკითხი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.