მარიამ ქვრივიშვილი - 2025 წლისთვის 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს ველოდებით, თუმცა შედეგები მათი დანახარჯის მიხედვით უნდა შეფასდეს
ტურიზმი მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეკონომიკაში შესაბამისი წვლილი შეაქვს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ტურიზმის სექტორის ზრდა და ამ ფონზე არსებული გამოწვევები განიხილეს.
ქვრივიშვილის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ქვეყანამ ტურიზმის მნიშვნელობა გაითავისოს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხემძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი უწყების სტრატეგია არის ქვეყანაში არა უბრალოდ ტურისტული ნაკადის ზრდა, არამედ მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა.
„ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ მოსახლეობას და საკუთარ თავს სწორად გავაგებინოთ ტურიზმის მნიშვნელობა. ტურიზმი მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეკონომიკაში შესაბამისი წვლილი შეაქვს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი სტარტეგიის მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაცია 2025 წლისთვის ქვეყანაში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის შემოდინებას ელოდება, თუმცა შედეგები ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, ტურისტების დანახარჯებით შეფასდება.
„ჩვენი მოლოდნით, 2025 წლისთვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვა, თუმცა ჩვენი მიზანია, შეფასება მოხდეს დანახარჯით. დანახრაჯი კი, გვინდა, 2025 წელს იყოს 6.7 მილიარდი აშშ დოლარი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.