მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რეკორდულია ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა
განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის – სასიხარულოა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ესტუმრა მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის 11 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემებით სრულად აღდგა კოვიდპანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა შვიდ პროცენტამდეა.
„ტურიზმის ინდუსტრიაში კვლავ ნარჩუნდება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას – ჩვენთვის სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც მზარდია ტურისტული ნაკადები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო არეალზე იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩვენ ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან და ამ სექტორში ჩართულმა მეწარმეებმა შექმნან მეტი ახალი სამუშაო ადგილები“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის სამ თვეში საქართველოში ერთ მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით აჭარბებს, 2023 წელთან შედარებით ზრდა კი +11%-ია.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3-მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც პანდემიამდე პერიოდის +80.4%-ით აღდგენაა, ხოლო 2023 წელთან შედარებით ზრდა +7.6%-ია.
აღსანიშნავია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის რეკორდული მაჩვენებლები – იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ოდენობა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 44.4%-ით მეტია.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდიან გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%), გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.) და ა.შ. გაზრდილია მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6% -ია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო ქუვეითიდან ვიზიტები – 66.3%-ით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.