მარიამ ქვირივშვილი - უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სწორედ ის კონკურენტუნარიანი უპირატესობაა, რის თამამად გამოყენებასაც ვაპირებთ საერთაშორისო არეალზე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უსაფრთხო ტურისტული დერეფნების შექმნის და საერთაშორისო არენაზე საქართველოს როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ.
„დღეს ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია იყო პირველ ზოლზე COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მოთამაშემ სატრანსპორტო, კვების თუ განთავსების ობიექტმა 19 ათასს ადამიანს უმასპინძლა იმ სერვისით, რომელზეც დღეს სხვა ქვეყნები მუშაობენ რომ გაიწეროს. ჩვენ ამაყები ვართ უსაფრთხოების სტანდარტები არათუ გაწერილი, არამედ დანერგილი გვაქვს სერვისში, ეს არის სწორედ ის კონკურენტუნარიანი უპირატესობა, რის გამოყენებასაც ვაპირებთ თამამად საერთაშორისო არეალზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმ გამოცდილების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტურისტულ სექტორს Covid-19-თან ბრძოლაში დაუგროვდა.
„ჩვენ უკვე გვაქვს ის გამოცდილება, რომელიც უნიკალურია საქართველოს შემთხევაში. ტურიზმის ინდუსტრია ბოლომდე იყო ჩართული და ზუსტად იცის დარგმა ის გაიდლაინები და მაქსიმალური კონტროლის მექანიზმები, რაც დასანერგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ეხება კვებას, განთავსებას, დალაგებას, ტრანსპორტირებას და .ა.შ. მომავალი ტურიზმი იქნება განსაკუთრებით აქცენტირებული უსაფრთხოების ნორმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი პოზიცია ტურიზმის ნაწილში, რაც გვაჩქარებს ვადებში და ჩვენ მზად ვიქნებით 15 ივნისიდან და პირველი ივლისიდან ,“- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე მარკეტინგული კამპანიების შესახებაც ისაუბრა.
„საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული, ძალიან წარმატებული ვირუსთან ბრძოლის პროექტი. ჩვენ ყველა ერთად ვკითხულობთ საერთაშორისო მედიაში ამის აღიარებას, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას.
ძალიან კარგად ვიცით, როგორ მივწვდეთ იმ საერთაშორისო მოგზაურებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიზიდავდით და აღმავალი იყო ეს ტრენდი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ პლატფორმას, არხს, რომელიც გავლენიანია და რაც მთავარია პირდაპირ პასუხობს ჩვენს ინტერესს. ახალი სარეკლამო სტრატეგიის მიხედვით უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იქნება. საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ხსნის ტურისტულ ინდუსტრიას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.