მარიამ კუბლაშვილი - ილია ჯიშკარიანი დაზარალებულია და გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კუბლაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა თავად თამთა თოდაძის ჩვენებისა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელზეც სავარაუდოდ დღეს ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ საერთოდ შეწყდეს აღნიშნული საქმე, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა. ის გაეცნო დადგენილებას ბრალდების შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება, ცალსახად უარყოფს წარდგენილ ბრალს. მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ქმნის, არ არის მტკიცებულებები, არამედ არის ერთი მტკიცებულება. ეს არის თავად თამთა თოდაძის ჩვენება. აბსურდია ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა, რასაც მე ვაანონსებდი და ვიცოდი, რომ მისი მდგომარეობიდან, სტატუსიდან და საზოგადოებიდან გამომდინარე, აგრესიისა და საზოგადოების პროტესტის გამოთქმის გამო, სახელისუფლებო გუნდმა, პროკურატურამ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარედგინათ ბრალი, რითაც განმუხტეს ეს პროტესტი, მოიპოვეს პოლიტიკური დივიდენდები, საზოგადოების მხარდაჭერა.
თუმცა, ამ შემთხვევაში, პირდაპირი დაზარალებული გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ჩვენს გუნდს მოპოვებული აქვს მტკიცებულება, რომელსაც აუცილებლად წარვადგენთ დადგენილ ვადაში და დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ საერთოდ შეწყდეს აღნიშნული საქმე, რადგან ბრალი არის უსაფუძვლო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი დღეს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. „ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილს ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთან, პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.