მარიამ ჯიშკარიანი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა ძალიან ძნელი იქნება
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა ძალიან ძნელი იქნება, – ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ არ არის გადმოცემული არც ორგანოები, ქსოვილოვანი მასალა და არც სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია.
„არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიაში“ მიმდინარეობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, შეგროვილია გარკვეული მასალა, თუ კიდევ დაგვჭირდება, კიდევ მივმართავთ, როგორც პროკურატურას ასევე დაცვის მხარეს, რომ მოგვაწოდოს საქმის მასალები. ეს ექსპერტიზა არის საერთაშორისო სტანდარტების. კვლევა გულისხმობს იმის დადგენას, არის თუ არა ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები წამების უშუალო კვალი, წამების რა მეთოდები იყო გამოყენებული და რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია წამებასა და მის ძალადობრივ სიკვდილს შორის.
ძალიან ძნელი იქნება გარდაცვალების მიზეზების დადგენა. არ არის გადმოცემული არც ორგანოები, ქსოვილოვანი მასალა და არც სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია, თუნდაც გამოძიების მასალები, თუკი ასეთი არსებობს, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ამ თემაზე მსჯელობა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
„შესაბამისად, თუნდაც ის სტრუქტურები, ვინც ჩაატარა ექსპერტიზა, ანუ ყველა მაღალი რანგის მოხელე და სტრუქტურა, ვინც ჩართული იყო ამ არა მარტო წამების და მოკვლის ფაქტში, არამედ მთლიანად გამოძიების ხელის შეშლაში და დაფარვაში რა თქმა უნდა ყველა ეს პირი უნდა იყოს დასახელებული ამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.