მარიამ ჯაში - ვიდრე აგრესიული ტესტირება იქნება შესაძლებელი, საქართველო მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე უნდა გადავიდეს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალ ვირუსს ახალი მიდგომები სჭირდება და ვიდრე აგრესიული ტესტირება იქნება შესაძლებელი, საქართველო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე უნდა გადავიდეს.
მარიამ ჯაში მთავრობას რამდენიმე ღონისძიების გატარებას ურჩევს. დეპუტატმა რეკომენდაციებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში დღემდე საქართველომ ეფექტურად მართა სასაზღვრო ზონებში მაღალი რისკის ჯგუფების ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, საკარანტინო, სამკურნალო და კონტაქტების კვლევის ღონისძიებები, თუმცა, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები საქართველოში სავარაუდოდ გაიზრდება და ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი.
„რამდენიმე დღეში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE გამოაქვეყნებს ოფიციალურ პოზიციას, ამ ეტაპზე კი მინდა ჩვენი ფრაქციის ორი ძირითადი რეკომენდაცია გაგიზიაროთ: 1. სამხრეთ კორეისა და ჩინეთის გამოცდილებით, ჩვენ პირველ რეკომენდაციად კვლავაც რჩება კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა ფართომასშტაბიანი „აგრესიული“ ტესტირებით. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ასევე ბიზნეს სექტორის დაფინანსება და შეიძინოს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა. 2. რადგან მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა და ამ პერიოდში „აგრესიული“ ტესტირება ვერ ჩატარდება, ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ შეგროვებაზე”, – აღნიშნავს ჯაში.
დეპუტატი აცხადებს, რომ თუ დღემდე მთავარი აქცენტი ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე კეთდებოდა, მოსახლეობის აქტიურ ზედამხედველობაში მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება, რაც მოსახლეობის 90%-ზე მეტის მოცვის საშუალება იქნება.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული სოფლის ექიმები, პოლიკლინიკები და ამბულატორიები (ყველა დაწესებულება, ან შერჩევითად) სტანდარტული კითხვარით თავად, პროაქტიულად უნდა დაუკავშირდნენ მათთან რეგისტრირებულ ოჯახებს ტელეფონით/მობილურით ყოველკვირეულად, ან სულ მცირე 2-ჯერ მომდევნო 4 კვირის მანძილზე. კითხვარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით და ჯანმო-ს COVID-19 გლობალური ზედამხედველობის რეკომენდაციებში კორონავირუსის „საეჭვო შემთხვევის“ დეფინიციაზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს.
სატელეფონო გამოკითხვით შესაძლებელი იქნება დადგინდეს, ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ აღენიშნება კორონავირუსზე საეჭვო ნიშნები, ხომ არ ჰქონიათ მოგზაურობის საყურადღებო ისტორია ან შესაძლო კავშირი ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. შედეგად, შესაძლებელი იქნება კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული პირების უფრო აქტიური გამოვლენა, მათი მიზნობრივი ტესტირება, დროული და წარმატებული მკურნალობა.
ამასთანავე, სატელეფონო საუბრით შესაძლებელი იქნება დეტალური ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა მოიქცეს და ვის მიმართოს ოჯახმა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის ან მათზე ეჭვის შემთხვევაში”, – აცხადებს ჯაში.
ჯაშის მოსაზრებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც არ აქვთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევა საქართველოში, აქტიური ზედამხედველობა შესაძლოა, დამატებით განხორციელდეს განათლებისა და ტურიზმის სექტორის ჩართულობით.
„უნივერსიტეტებს სტუდენტებისა და პედაგოგიური კორპუსის დახმარებით შეუძლიათ ანალოგიური სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება ყველა უცხოელ სტუდენტთან, რომელიც მათთან სწავლობს. ასევე, მიუხედავად ტურისტების მკვეთრად შემცირებული ნაკადებისა, სტანდარტული კითხვარები შეიძლება დაურიგდეთ სასტუმროს ადმინისტრაციებს, რათა მოხდეს მათთან რეგისტრირებული სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება”, – დასძინა ჯაშმა.
როგორც ჯაში ამბობს, აღნიშნული რეკომენდაციები მან ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის პოზიციიდან გააკეთა.