მარიამ ჯაში - უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა
უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მუშაობის შედეგია, რათა ამ ეროვნულ იდეას ხორცი შესხმოდა, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაა.
„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებისა და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ სანდოობა გაიზრდება ევროკავშირის და საერთაშირისო მასშტაბით და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უპრეცენდენტო ასპარეზს მოიპოვებს. გარდა ამისა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამარტივდება როგორც დიპლომების აღიარების, ასევე შემდგომი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების შეძენის საშუალება ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.