ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნაში მონაწილე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მარიამ ჯაშმა.
„ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იწყება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არა მხოლოდ 1989 წლის აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ 1978 წლის მოძრაობით, რაც უკვე არა ერთხელ აღინიშნა და სწორედ სიმბოლურია, რომ ქართული ენის დღეს ჩვენ ვიწყებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი აგრძელებს ქართული ენის დაცვის მიმართულებით. მარიამ ჯაშმა საზოგადოებას განათლების სფეროს მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრის მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება შეახსენა.
„მე არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო რამდენად ისტორიულია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმ-მინისტრმა გაახმოვანა სულ რამდენიმე კვირის წინ. მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაძლიეროთ განათლების ინფრასტრუქტურა და ხარისხი, არამედ კიდევ უფრო მეტი რესურსი მივმართოთ ქართული ენის და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების დასაფინანსებლად. ეს გახლავს ინიციატივა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოს პროგრესულ და გრძელვადიან განვითარებას“,- განაცხადა ჯაშმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა დედაენის დაცვის თვალსაზრისით პარლამენტის გადაწყვეტილებაზე.
„დღევანდელ დღეს ასევე მსურს სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩემს კოლეგასთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩვენ მიმდინარე კვირაში უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომელიც დაიცავს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ყველა იმ ძეგლს, რომლის საფუძველზეც ხდება განათლების სისტემაში სასწავლო პროგრამების შემუშავება და, პირველ რიგში, ეს ეხება გოგებაშვილის „დედა ენის“ მემკვიდრეობას. „დედა ენა“ იქნება კანონის დონეზე დაცული და ჩვენ შესაბამის პატივს მივაგებთ იმ უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ დაგვიტოვა“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის პერიოდში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სრული მასშტაბით ამოქმედდა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მარიამ ჯაშმა, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის და ხელნაწერების ცენტრის თანადგომისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ 14 აპრილს აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება ორი უდიდესი სიახლის მოწმე გახდება.
ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.
კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
14 აპრილთან და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყო საბავშვო კუთხე, გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების სტუდენტებისა და მასწავლებლების დაჯილდოება.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“, სადაც წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა, რომლებიც ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და „დედაენის“ გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. უნივერსიტეტში გახსნილია ასევე ენის დღისადმი მიძღვნილი ქართული შრიფტის გამოფენა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენათა ქრონოლოგია საარქივო მასალების მიხედვით.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, გამოცემათა პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. კვირეული 22 აპრილს დაიხურება.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.