მარიამ ჯაში - დარწმუნებული ვარ, მივალთ იმ ვარიანტამდე, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჰქონდეს უფრო ეფექტიანად მუშაობის საშუალება
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ მსჯელობაში არ მონაწილეობდა, ვინაიდან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი არ არის.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, თავდაპირველ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სრული მხარდაჭერით მოიწონა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, იმ პერიოდში წარმოდგენილი არგუმენტაციით, კომიტეტი ფიქრობდა, რომ ეს იყო სწორედ ის მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯანსაღ რეფორმირებას.
„ვფიქრობდით, რომ ეს მისცემდა საშუალებას იმ ათეულ მილიონობით საბიუჯეტო სახსრების ათვისების და მიზნობრივად გამოყენებისთვის, რეიტინგის გაუმჯობესებისთვის, ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი. მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ მას შემდგომ, რაც გაიმართა დისკუსიები, წარმოდგენილ იქნა დამატებითი არგუმენტაცია და შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარის სპიკერთან, ჩვენ აუცილებლად გვექნება დამატებით განხილვები. ვფიქრობ, იქნება გარკვეული საკითხები, რომელზეც შეიძლება კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება. პროცედურულად, თუ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ვეტოს წინადადებებში სრული თანხვედრა არ იქნა, მაშინ ყველაფრის მხარდაჭერა მოხდება, ან მთლიანად უნდა იყოს უარყოფილი. ამდენად, ვეტოს დაძლევას ან არ დაძლევას ნუ შევხედავთ პროცედურული საკითხით. შინაარსობრივი განხილვები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, მივალთ იმ შეჯერებულ ვარიანტამდე, რომელიც რეალურად – ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცემს საშუალებას, ჰქონდეს უფრო ეფექტიანად მუშაობის საშუალება და ბუნებრივია, არ დააზარალებს სხვა მაუწყებლებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მსჯელობის შედეგად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.