მარიამ გაბუნია - ძალიან ახლოს ვართ თურქეთთან ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დასრულებასთან
მარიამ გაბუნია - ძალიან ახლოს ვართ თურქეთთან ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დასრულებასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შედგა, საქართველო თურქეთის ბაზრის მეტი ლიბერალიზაციის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების უფრო სწრაფად დასრულებას ელოდება, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში საქართველოსა და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანა თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის 12-წლიანი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები მიმოიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქართულ ბიზნესში, არსებობს აზრი, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველოზე მეტი სარგებელი თურქეთმა ნახა.

გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2007 წლიდან დღემდე, ანუ საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 წლის თავზე, თურქული იმპორტი საქართველოში 100-ჯერ გაიზარდა, ხოლო საქართველოს იმპორტი თურქეთში – მხოლოდ 38-ჯერ. ასევე ითქვა, რომ მხოლოდ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების მეთორმეტე წელს დაიწყო მოლაპარაკება თურქული ბაზრის მეტ გახსნასა და ლიბერალიზებაზე.

გაბუნიას განმარტებით, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო დისბალანსი ძირითადად ამ ორი ქვეყნის წარმოების მოცულობას შორის არსებული მკვეთრი სხვაობიდან მომდინარეობს და არა იმ ფაქტიდან, რომ საქართველომ 2007 წელს თურქეთს მეტი დაუთმო.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ 2007 წელს თურქეთს ბევრი დავუთმეთ და იმათ არაფერი. უბრალოდ სავაჭრო პოლიტიკის კუთხით, საქართველო ისედაც ძალიან ლიბერალური ქვეყანაა. ჩვენი სატარიფო (იგულისხმება საბაჟო ტარიფები) ბარიერი 5-12 პროცენტის ფარგლებშია და ისიც პროდუქციის 80 პროცენტზე ყველა ქვეყნისთვის მოხსნილია და მხოლოდ 20 პროცენტზე მოქმედებს. თურქეთს კი, თავისი სასაქონლო ნომენკლატურის აბსოლუტურ უმრავლესობაზე საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული და ძალიან მაღალი ტარიფებით. 2007 წელს საქართველოს ფაქტობრივად, არაფერი გაუხსნია თურქეთისთვის, რადგან 80 პროცენტზე ისედაც ნული იყო გადასახადი და დანარჩენზე, სადაც 5-12 პროცენტიანი ბარიერი მოქმედებდა, გარკვეულ პროდუქტებზე საერთოდ არ გაგვიხსნია ბაზარი. უნდა შევხედოთ თურქეთი რამდენით აღემატება საქართველოს. ანუ თურქეთის წარმოება და საქართველოს წარმოების შესაძლებლობები უნდა შევადაროთ. ამ მხრივ აბსოლუტურად დისპროპორციულია ეს შედარება, ისევე როგორც ჩვენი იმპორტ-ექსპორტის შედარება. თუმცა 2007 წლის შემდეგ, ქართული ექსპორტი თურქეთში მუდმივად იზრდებოდა და ბევრი ახალი პროდუქტი შევიდა, რაც სწორედ ამ ხელშეკრულების დამსახურება იყო“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოსაზრებით, თავისუფალი ვაჭრობის პირველი ეფექტი ყოველთვის ვაჭრობის სპონტანური ზრდა არ არის და ზოგადად, საქართველოს უფრო წარმოების პრობლემა აქვს, ვიდრე რომელიმე საექსპორტო ბაზრის ათვისების.

„თუ ჩახედავთ, 2007 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, საქართველოში თურქული ინვესტიციები ძალიან გაიზარდა. მათ შორის ტექსტილის სფეროში თურქეთიდან ძალიან დიდი ინვესტიციები შემოვიდა. მარტო ვაჭრობის ციფრებს არ უნდა შევხედოთ, სხვა სარგებელსაც უნდა შევხედოთ. ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად ტრიალებს აზრი, რომ ჩვენ ვერ ვიყენებთ ამ ხელშეკრულებას. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველოს არა აქვს ექსპორტის პრობლემა, საქართველოს აქვს წარმოების პრობლემა. ჩვენ რასაც ვაწარმოებთ, ის ექსპორტზე გადის. თურქეთში თუ არა, ჩინეთში გავა, ევროკავშირში და დსთ-ს სივრცეში გავა. ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება“, – განმარტა გაბუნიამ.

გაბუნია მიიჩნევს, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პრემიერისა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შემდგარი შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო შედეგი ისიცაა, რომ თურქეთის ბაზრის მეტი ლიბერალიზების საკითხი უფრო სწრაფად გადაწყდება.

„ამ შეხვედრის მთავარი არსი ვაჭრობის თვალსაზრისით ის არის, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ თურქებთან ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციის მოლაპარაკებები დავასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ექსპორტიორებისთვის დამატებით ახალი ბაზრები გაიხსნება. დაახლოებით ორი წლის წინ ჩვენ თურქებთან დიაგონალური კუმულაციის (საბაჟო ტარიფის ერთ-ერთი რეჟიმია) ამოქმედებაზე მოვაწერეთ ხელი. ჩვენმა პარლამენტმა ამის რატიფიცირება მოახდინა და უკვე ორი წელია თურქების მხრიდან რატიფიცირებას ველოდებით. თურქები შეგვპირდნენ, რომ ამ პროცესს დააჩქარებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, საქართველოში ტექსტილის მწარმოებლებისთვის, რადგან დღეს წარმოებული ტექსტილი ევროკავშირში პირდაპირ ვერ შედის. ევროკავშირს საქონლის წარმოშობის კუთხით, მაღალი მოთხოვნები აქვს და ჩვენი პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამიტომ ჩვენი ტექსტილი ახლა გადის თურქეთში და იქიდან შედის ევროკავშირში. ამ დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ, ინვესტორები უკვე პირდაპირ შეიტანენ ამ პროდუქტს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით“, – განუცხადა მარიამ გაბუნიამ „ბიზნესპარტნიორს“.