მარია შარაპოვა - რთულია იმის თქმა, რა მოხდება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში
მარია შარაპოვა არ არის დარწმუნებული, რომ მომავალ წელს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამის მიზეზი ის არის, რომ წლევანდელ ტურნირზე პირველივე რაუნდში ხორვატ დონა ვეკიჩთან წაგების გამო შესაძლოა მსოფლიოს 350 საუკეთესო ჩოგბურთელის სიიდან ამოვარდეს.
წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველიბა რუსი სპორტსმენის მეორე ოფიციალური შეჯიბრი იყო გასული წლის სექტემბრის შემდეგ, რისი მიზეზიც მხრის ტრავმა გახდა.
შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მისი უკანასკნელი გამოსვლა ავსტრალიის ღიაზე, შარაპოვამ, რომელიც წელს „უაილდ ქარდით“ ასპარეზობდა, უპასუხა:
„არ ვიცი, არ ვიცი. ძალიან გამიმართლა დღეს რომ აქ ვარ და მადლობა ორგანიზატორებს, რომლებმაც ამის საშუალება მომცეს. ახლა რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება მომდევნო 12 თვის განმავლობაში“.
ეს იყო მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანისა და „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულის ყველაზე ადრეული გავარდნა ავსტრალიის ღია პირველობიდან 2010 წლის შემდეგ.