მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - უფლებამოსილების გასაჩივრება გახლავთ ინსტრუმენტი, რათა მკაფიო გზავნილით მივმართოთ რუს კოლეგებს, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა
მკაფიოა, რომ რუსეთთან დიალოგში პროგრესის არარსებობა მის უფლებამოსილებას საფრთხეს უქმნის, რადგან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში წევრობას თან ახლავს პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრმა, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავენ.
„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, გამოვხატავთ მწუხარებას იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მას აქვს, როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს. ჩვენი ჯგუფი ასევე იზიარებს ღრმა შეშფოთებას იმ ნეგატიური ტენდენციების გამო, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არის რუსეთში. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ასაჩივრებენ და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსიამოვნებს. უფლებამოსილების გასაჩივრება გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რათა მკაფიო გზავნილით მივმართოთ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან თანამშრომლობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რაც მათი ვალდებულებაა“, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება ასევე არის სიგნალი კოლეგებისადმი, რომ რუსი ოპოზიციონერისა და კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების დაკავება და ოპოზიციის მიმართ ზეწოლის გაგრძელება არ არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა.
„კითხვა შემდეგშია: გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ორგანიზაციის სანდოობა და ასევე გვსურს დემოკრატიული რუსეთი, უნდა გავაგრძელოთ დიალოგი თუ უნდა შევწყვიტოთ ის, რადგან შედეგს ვერ ვხედავთ? ჩემი პოლიტიკური ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდათ. რაც ჩვენთვის მკაფიოა, არის, რომ რუსეთთან დიალოგში პროგრესის არარსებობა მის უფლებამოსილებას საფრთხეს უქმნის, რადგან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში წევრობას თან ახლავს პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა მხარი. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ.