მარია გაბრიელი - ამაყი ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან ერთად შევძელით წარმატების მიღწევა
მარია გაბრიელი - ამაყი ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან ერთად შევძელით წარმატების მიღწევა

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ძლიერი სიგნალი იყო საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ საქართველო ევროკავშირის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, სტრატეგიული პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რასაც საერთო უსაფრთხოების გაძლიერება და გაძლიერების საკითხში წვლილის შეტანა ჰქვია, – ამის შესახებ პირველ არხს ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა ექსკლუზიურად განუცხადა.

„აღსანიშნავია საქართველოსა და ქართველი ხალხის მონდომება, რათა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა მიეღო. მისასალმებელია ის ინსტიტუციური, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში გატარდა. ამ პროცესმა აჩვენა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ქართველი ხალხის სურვილი და ერთგულება იმ ღირებულებების მიმართ, რომლითაც ქვეყანა მიიწევს ევროკავშირისკენ. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური ღირებულებები“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

ევროკომისრის განცხადებით, საქართველოში გატარებული რეფორმების მთავარი ბენეფიციარი ქვეყნის მოსახლეობაა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხალხთა შორის კონტაქტს აძლიერებს და სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

„ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით. უვიზო მიმოსვლას აქვს ძალა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შორის იყოს ხიდი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ეს ხალხთა შორის კონტაქტს აძლიერებს. ეს არის სარგებელი საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს ხელს უწყობს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ეს არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირი და პოზიტიური გავლენა. კავშირების გაღრმავებას და გაძლიერებას შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას საზოგადოებისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.

ევროკომისარმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო და განაცხადა, რომ ამაყია საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან ერთად მიღწეული წარმატებით.

„მე, როგორც საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, მქონდა პატივი და პრივილეგია, ვყოფილიყავი მომსწრე იმის, თუ როგორი მიზანდასახული იყო ქართველი ხალხი. მინდა, დღეს ჩემი აღტაცება გამოვხატო. მე ვარ ამაყი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად შევძელით ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ვიზალიბერალიზაცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად და უფრო მყარი ურთიერთობისთვის. ევროკავშირი ხსნის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.