მარგარიტის სხინასი - „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაუქმების და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება, საქართველომ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რაც მალე მიხვდებიან, მით უკეთესი
„უცხოური გავლენისა“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონების გაუქმებისა და რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს.
„26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა, რათა აერჩია ახალი პარლამენტი. ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე საარჩევნო კამპანიის დროსაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს და ხუთ სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში გამართული არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ამ დელეგაციამ წარმოადგინა კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც აღინიშნა არჩევნების პროცესში.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები ჩამოუვარდებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ელოდები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ სარგებელი მიიღო არათანაბარ პირობებში. მათ გამოიყენეს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რათა მოეხდინათ ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და ახდენდა საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალისა, რომელსაც შეეძლო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველო პროგრესს აღწევდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ჩაახშო განსხვავებული მოსაზრებები. ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დაყოფილი იყო და არ ჰქონდა მმართველი პარტიის მსგავსი რესურსი. არჩევნების შემდეგ რამდენიმე ათასმა ქართველმა გამართა მშვიდობიანი დემონსტრაციები და გააჟღერა უკმაყოფილება არჩევნების შედეგებისადმი და იმის მიმართ, როგორ იყო ჩატარებული ეს არჩევნები. ბევრი მათგანი აფრიალებდა ევროკავშირის დროშებს. ჩვენ როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება და არამარტო ქართველებს.
ამ გადამწყვეტი მომენტის შემდეგ, ევროკომისიის სახელით, მინდა, სამ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი – ივნისის შემდეგ ევროკავშირმა შემართული პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით ჩვენ დავწიეთ დაბლა პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკული დახმარება – 30 მილოონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობისადმი პირდაპირი დახმარება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის შედეგად ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც წარმოადგენს, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ შემადგენელს;
მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია მტკიცე საჯარო განცხადებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უპასუხოს სერიოზული დარღვევების შესახებ ცნობებს. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და მოხდეს შეთანხმება პოტენციურ დამატებით ზომებზე.;
დაბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე გაწერილია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის ცხრა ნაბიჯის შესრულებისადმი, რომლებიც იდენტიფიცირებულია კომისიის მიერ. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები დაწესებულია და მკაფიოა – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესია“, – განაცხადა სხინასმა.