მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება
მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი რეაგირება, როგორც გაერო-ს, ასევე სხვა ორგანიზაციების დონეზე, მათ შორის „დიდი ოცეულის“ დონეზე.

„როგორ შეიძლება რუსეთი „დიდ ოცეულში“ იყოს სხვა ქვეყნებთან ერთად, თუ ის შეგნებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტის შიმშილზე? ეს სისულელეა. რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის მილიონობით მოქალაქე ხელოვნური შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება დიდი ხნის წინ იყო პროგნოზირებადი.

„სინამდვილეში, ეს მათი დღევანდელი განცხადება არ არის. რუსეთმა გამიზნულად დაიწყო ამ კრიზისის შექმნა სექტემბერში. სექტემბრის შემდეგ კორიდორებში 176 გემია გაჩერებული, რომელიც მარშრუტის განხორციელებას ვერ ახერხებს. ეს რუსეთის აბსოლუტურად გააზრებული ბლოკადაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.