მარადიულ ქალაქში გამეფებული საზარელი სიჩუმე — მოხუცების ცხოვრება კარანტინში მოქცეულ რომში
ზოგადად, იტალიაში ძალიან ბევრი ხანდაზმულია და მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს მოხუცებულთა სახლებში. კორონავირუსთან საბრძოლველად შემოღებული მკაცრი იზოლაციის გამო, ბევრი მათგანი იძულებულია, ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში იცხოვროს.
მისი ფანჯრიდან რომის ისტორიული ცენტრის ერთი ვიწრო ქუჩის ხედი იშლება. ქუჩა კვლავ საზარლად ცარიელია; ასაკოვან რობერტო ფიჩერას დღეს სხვა ადამიანი თითქმის არ დაუნახავს.
„მარტო ვარ გამოკეტილი და საკუთარ თავს თავად ვუვლი“, — ამბობს ფიჩერა, რომელსაც ალბათ თითო-ოროლა მისნაირი თუ შეხვდა აფთიაქში წამლების საყიდლად გასვლისას.
იტალია მოხუცებულთა ქვეყნად ითვლება. გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ასაკი 45,5 წელს შეადგენდა, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფიჩერასთვის სასიხარულოდ, მონტის რაიონი, რომელშიც ის ცხოვრობს, კოლიზეუმსა და ტერმინის რკინიგზის სადგურს შორის მდებარეობს და სავსეა მაღაზიებით.
„რიგში ჩემს ადგილს უსაფრთხო დისტანციის დაცვით ვიკავებ, ყველა ასე იქცევა. ასაკის გამო ხშირად რიგს მითმობენ, რასაც სიხარულით ვთანხმდები. თურმე, მოხუცებულობას ეს უპირატესობა ჰქონია“, — ამბობს სიცილით 84 წლის სრულიად ჭაღარა რობერტო ფიჩერა.
თავისუფალი დრო მას ბევრი აქვს და თავს სახლის საგაზაფხულო დასუფთავებით ირთობს. როგორც ის ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, ყველაზე მეტად სიჩუმე აწუხებს.
„ხმაური აღარ მესმის; აღარც მანქანები, ცარიელი ქუჩები. გარეთ გასულს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გესმის და მოწყენილობა გიპყრობს. ყოვლისმომცველი სიჩუმე მაშინებს, ყველაზე მეტად ეს მაწუხებს“, — ამბობს რობერტო ფიჩერა.
მარადიულ ქალაქში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უძველესი ნანგრევები და გოთიკური ტაძრები რენესანსის მომაჯადოებელი მხატვრობით.
რომი ტურისტული ქალაქია, საქმიანი, სადაც ადამიანები ცხოვრების დიდ ნაწილს სახლებს გარეთ ატარებენ.
ეს ცხოვრება წავიდა. ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა ფიჩერამ სრულიად სხვა რომში გაიღვიძა, საიდანაც ერთ ღამეში თითქოს ყველა გაქცეულიყო.
„ქალაქის შუაგულში ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, გასაოცარია!“, — ამბობს იგი.
ქალაქის მეორე მხარეს, მდინარე ტიბრს გადაღმა, ვატიკანიდან არც ისე შორს, მთელ დღეს ფანჯრიდან ცქერაში ატარებს კარლა ბაზანიც; გაჰყურებს ქუჩას, რომელიც მოხდენილი შადრევნისკენ მიემართება.
როგორც წესი, მოხუცი მხატვარი და პოეტი ფანჯრიდან ყოველთვის ტურისტებით სავსე ქუჩას გაჰყურებდა.
ევროპის ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ქვის უდაბნოდ არის ქცეული.
კარლა წუხს, რომ წიგნების მაღაზია დაიხურა და ახალი ნაწარმოებების კითხვას ვეღარ ახერხებს.
„გადავწყვიტე, ხელახლა წავიკითხო ძველი წიგნები, რომლებიც მოგონებებს მიღვიძებს და პირდაპირ ჩემს გულს ეხება. მახსენებს, რომ დრო ჩვენს მხარესაა; უბრალოდ, მთავარია იცოდე, როგორ მოითმინო“, — ამბობს მარტოხელა პენსიონერი რომიდან, კარლა ბაზანი.
მომზადებულია thelocal.it-ის მიხედვით.