უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება იძაბება. როგორც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, საზღვრებთან მობილიზებულია 4 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რამდენჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. არის მსხვერპლიც. 2021 წლის დასაწყისიდან დონბასში 20 ადამიანი დაიღუპა. პენტაგონში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მომხდარის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს.
უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე საქართველოს პირველი არხი უკრაინელ პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ მაქსიმ იალის ესაუბრა.
რამდენად სერიოზული დაძაბულობაა უკრაინის აღმოსავლეთში და თუ არსებობს მასშტაბური ომის საფრთხე?
ვითარება ნამდვილად გამძაფრდა, გასულ პარასკევს სნაიპერების სროლის შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევა. მიუხედავად უკრაინული მხარის არაერთი მცდელობისა, დაკავშირებოდნენ რუსეთს, რათა მოსკოვს მოეხდინა ზეწოლა მათ მიერ კონტროლირებად სეპარატისტებზე და ცეცხლი შეწყვეტილიყო, ეს არ მოხდა. ეს იყო წინასწარ განზრახული პროვოკაცია, რომელიც მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესეს პუტინის მეგობარ მედვედჩუკს და მისი ტელეკომპანიები დაიბლოკა. ეს ტრივიალური სვლაა, რომელსაც პუტინი იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც უკრაინა არ ასრულებს რუსეთის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ამას ასევე მოჰყვა კრემლის მცდელობა, გაემართა ვიდეოკონფერენცია ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან. სამწუხაროდ, ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. პუტინი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტის გარეშე ესაუბრა. ასე რომ, ეს არის ნაცადი ნაბიჯები, რასაც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი „მშვიდობის იძულებას“ უწოდებდა. რაც შეეხება ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესაძლებლობას, მათ შორის რუსეთის ძალების მხრიდან შესაძლო შეტევას – გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოში და დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის საზღვრებთან დიდი რაოდენობით რუსი სამხედროების თავმოყრის შესახებ. იქ იმართება წვრთნები, მიმდინარეობს როტაცია. მე არ ვვარაუდობ, რომ რუსეთი მასშტაბურ ომს დაიწყებს, რადგან ახლა პუტინის ამოცანაა, დაასრულოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა. მან იცის, რომ სიტუაციას თუ გაამწვავებს, პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გართულდება. პუტინმა იცის, რომ ომის დაწყების შემთხვევაში მწვავე რეაქცია მოსალოდნელია ევროპელი პარტნიორებისგანაც, რომლებიც ხშირად თვალს ხუჭავენ დაძაბულობის ესკალაციაზე და მაინც მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სანქციების გამკაცრება, რაც საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში მოსალოდნელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე არ მივა. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტების გამეორებას არ გამოვრიცხავ. შვიდი წლის განმავლობაში ამ პოლიტიკას შევეჩვიეთ კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვი ვეღარ ხედავს უკრაინისგან სამომავლოდ დათმობას. ამიტომ რუსეთმა დაასრულა და დაარღვია სამშვიდობო ზავი, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. ამრიგად, რუსეთმა დაამტკიცა, რომ მოსკოვთან შეთანხმება არ მუშაობს ან მუშაობს მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე კრემლი თავის ამოცანებს ასრულებს.
როგორ ფიქრობთ, კიდევ შესაძლებელია თუ არა მინსკის შეთანხმების შესრულება? რა პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს დონბასში საბრძოლო მოქმედებების განახლება უკრაინის პრეზიდენტს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იყო?
ერთ-ერთი შედეგი უკვე დადგა. ეს არის ე.წ. ნორმანდიულ ფორმატში ევროპელ ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკება, რომელსაც ვლადიმირ ზელენსკი არ ესწრებოდა. ამ ვიდეოკონფრენეციაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, თუმცა უკრაინის თემაზეც იმსჯელეს. ამ ნაბიჯით მოსკოვმა ზელენსკის დაარტყა. ასეთი გახლდათ კრემლის საპასუხო რეაქცია, რაც ნაწილობრივ პუტინის მეგობარი უკრაინელი პოლიტიკოსის, მედვედჩუკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკავშირდება, ასევე ზელენსკის უარს, შეასრულოს მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი იმ დროს, როდესაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება. დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელია უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა, რათა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მოსახლეობის ნდობა შემცირდეს და კრემლისთვის იდეალურ ვარიანტში, გაიმართოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. პრორუსული ტელეკომპანიების დახურვის შემდეგ, პრორუსული ოპოზიციური პარტიის რეიტინგი სწრაფად მცირდება, ამიტომ მოსკოვი გაზრდის ზეწოლას ზელენსკიზე, რათა ტელეკომპანიების მიმართ სანქციები გააუქმოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ზელენსკის ორი წელი დასჭირდა მისახვედრად, რომ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა ელოდება ზელენსკის მიერ ნახსენებ ალტერნატიულ გეგმას. რაც შეეხება მინსკის შეთანხმების შესრულებას, ჯერ დარეგულირების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან კრემლი საკუთარ პოზიციას არ თმობს. მოსკოვს სურს, უკრაინის აღმოსავლეთში არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ არ დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რადგან ეს შეუძლებელი იქნება, თუ ამ ტერიტორიას არ დატოვებს სამხედრო კონტინგენტი, არჩევნებს არ დაესწრება ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და მედია. ამ ხერხით პუტინს სურს, ლეგიტიმაცია შესძინოს საოკუპაციო ადმინისტრაციებს, რათა ისინი ხელისუფლებაში დარჩნენ. შემდეგ პუტინი პირობას დებს, რომ რუსეთის ჯარი გავა უკრაინიდან, თუმცა ეს რთულად დასაჯერებელია. როგორც ჩანს, მოსკოვს სურს, დონბასში დისლოცირებული ე.წ. მინი არმიები დარჩნენ და მათ კრემლის მარიონეტები გააკონტროლებენ. ასე რომ, მოსკოვი არაფერს თმობს და მინსკის შეთანხმების ცვლილებას არ განიხილავს, რაც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობდა, დათმობაზე წასულიყო, შეექმნა საკონსულტაციო საბჭო, აემოქმედებინა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაც, თუმცა ამას მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე რეაქცია და პრეზიდენტმა უკან დაიხია.
თქვენ ახსენეთ უკრაინის ხელისუფლების ალტერნატიული გეგმა, რაში მდგომარეობს ეს გეგმა და რისი გაკეთება შეუძლია ასეთ ვითარებაში უკრაინის მთავრობას?
ამ გეგმის შინაარსი აინტერესებს ყველას, ექსპერტებს, საზოგადოებას, რადგან ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ აქვს მოქმედებების ხუთი-ექვსი ვარიანტი. თუმცა, ხელისუფლებას დეტალები არ გაუსაჯაროებია. როგორც ისინი ამბობენ, ამ გეგმას თუ გაამხელენ, ის ეცოდინება რუსეთს. ჩემი აზრით, ეს გეგმა მოიცავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ე.წ. ნორმანდიული ფორმატის გაფართოებას, რადგან მოლაპარაკებებში უკვე ერთი წელია, წინსვლა ვერ ხერხდება. ტყვეების გაცვლა პრაქტიკულად დასრულდა, რადგან რუსეთმა უკვე ყველა სასურველი ტყვეს გათავისუფლება მოახერხა. სწორედ ამიტომ ხდება ყველა ჰუმანიტარული საკითხის გაჭიანურება, მათ შორის ისეთი საკითხების, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამ გზით კრემლი კიევზე ზეწოლის გაზრდასა და უკრაინის ხელისუფლების შანტაჟს ცდილობს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ ზელენსკის აქვს ალტერნატიული გეგმები, რადგან ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთის პროვოკაციებისთვის. მწვავედ დგას ყირიმში სასმელი წყლის პრობლემაც, განსაკუთრებით ზაფხულში. ამიტომ ველოდები პროვოკაციებს ყირიმის მიმართულებიდანაც. კრემლის პროპაგანდისტული მედია უკვე ემზადება ამისთვის და კიევისგან ითხოვს ყირიმის წყალმომარაგების აღდგენას. დესტაბილიზაციის რისკები იზრდება და კრემლი ფსონს სწორედ შიდა დაძაბულობაზე დადებს, რადგან ეს უსაფრთხოა, უფრო იაფი ჯდება და მოსკოვს ეს არაერთხელ გაუკეთებია.
ბოლოს, მინდა, გკითხოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას. როგორ ფიქრობთ, ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლა?
თეორიულად ვაშინგტონს შეუძლია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, დაუწესოს მოსკოვს მკაცრი სანქციები, მათ შორის გათიშოს რუსეთი საერთაშორისო საბანკო სისტემა „სვიფტიდან“. ეს რუსულ ბანკებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მხარდამჭერი განცხადებები სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ განცხადებებია. პრეზიდენტმა ბაიდენმა ღიად თქვა, რომ მზად არის, იმ თემებზე, სადაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები ემთხვევა, რუსეთმა და აშშ-მა ითანამშრომლონ. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე მიიპატიჟა. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი საკითხი, რომელთა წარმატებით გადაწყვეტაც რუსეთის ჩართულობას მოითხოვს. მათ შორის უმთავრესია ირანთან ე.წ. ბირთვული შეთანხმების განახლება, ასევე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება, სირია. ეს ის თემებია, რომლებზეც აშშ-ი და რუსეთი ითანამშრომლებენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციების დაწესება გამოიწვევს რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას. ასე რომ, მოვლენების ამ სცენარით განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. აშშ-ი პირველ რიგში საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, მათ შორის უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების დროსაც. ვაშინგტონი ამ თემას კრემლზე გავლენის მძლავრ ბერკეტად იყენებს, თუმცა სერიოზულ სანქციებზე საუბარი არ არის და ე.წ. წითელი ხაზების გადაკვეთა არ ხდება.