მანანა ბოლქვაძე - ყოველთვის ვცდილობ, ეს მოვყვე, რათა ადრეული ქორწინებისგან გადავარჩინოთ ყოველი შემდეგი გოგონა
მანანა ბოლქვაძე - ყოველთვის ვცდილობ, ეს მოვყვე, რათა ადრეული ქორწინებისგან გადავარჩინოთ ყოველი შემდეგი გოგონა

ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მოვყვე, რათა ადრეული ქორწინებისგან გადავარჩინოთ შემდეგი და შემდეგი გოგონა​, – ამის შესახებ მოქალაქე მანანა ბოლქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მშობლებს ჩემი გადაწყვეტილებისთვის მხარი რომ დაეჭირათ და წინააღმდეგობის გაწევა შემძლებოდა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იყო, ადრეულ ასაკში არ დავქორწინებულიყავი, მაგრამ მაშინ, შესაბამისი ძალა არ აღმომაჩნდა, არსებულ რეალობას შევწინააღმდეგებოდი. მშობლებისა და საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამიტომ, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ბოლქვაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ეტყოდა გოგონებს დღეს, როცა უკვე წარმატებული ქალია და რას ურჩევს მათ, ვისაც დღეს უხდება არჩევანის გაკეთება, მანანა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ყველა ქალს ურჩევს, ხელი არავითარ შემთხვევაში არ ჩაიქნიონ, სხვის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილონ და საკუთარი უფლებებისა და მიზნებისთვის იბრძოლონ.

„მე ყველა გოგონას ვურჩევ, საკუთარი თავის სწამდეთ და ყველაფერი გამოუვათ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ხშირად აწყდება დღეს ნაადრევი ქორწინების შემთხვევებს და შეცვლილია თუ არა ამ მხრივ დამოკიდებულება იმასთან შედარებით, რაც 15-20 წლის წინ იყო, მანანა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში რეალობა საკმაოდ შეიცვალა. თუმცა, აქა-იქ ასეთი შემთხვევები მაინც არის და განსაკუთრებით არის მაღალმთიან რაიონებში.

„მიუხედავად იმისა, სატელევიზიო არხები ხშირად აშუქებენ, რომ ეს დასჯადია და ადამიანის უფლებების დარღვევაა, ერთეული შემთხვევები მაინც ხდება. გოგონები გაუკუღმართებული ტრადიციების მსხვერპლი ხდებიან და საბოლოო ჯამში, ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. ისინი თვითრეალიზაციას ვერ ახდენენ, წარმატებული ვერ ხდებიან, არ აქვთ საკუთარი საქმე და ა.შ. შესაბამისად, არსებულ რეალობას ეგუებიან და გაუკუღმართებული ტრადიციების მსხვერპლი ხდებიან“, – განაცხადა მანანა ბოლქვაძემ.