მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა - მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, მოგყვებით ბოლომდე
მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა - მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, მოგყვებით ბოლომდე

მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველანი მოგყვებით ბოლომდე, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში.

მდინარაძის თქმით, დარწმუნებულია, კობახიძეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი იქნება.

„ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პროფესიონალი და ამ სიტყვაში ყველაფერს მოვიაზრებ, იმ თვისებებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრობისთვის საჭიროა. უდავოდ იმსახურებთ ნდობას თქვენი წარსულიდან, აწმყოდან და თქვენი სავარაუდო, უდავო მომავლიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი. არავის გვაქვს ილუზია იმისა, რომ მარტო ქვეყნის მართვა იქნება თქვენ გამოწვევა. თქვენი გამოწვევა, როგორც აქამდე ყველას ერთად გვიწევდა, ასევე იქნება ბრძოლა. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით იქნება ბრძოლა დეზინფორმაციის, ბოროტების, ათასგვარი მოგონილი არგუმენტის, შიგნიდან თუ გარედან თავსმოხვეული არარსებული, მოდელირებული არგუმენტების წინააღმდეგ. კიდევ უფრო გულწრფელი, ბუნებრივი რომ ვიყო, ირაკლი კობახიძეს ამ შემთხვევაში, როგორც მეგობარს, თანამებრძოლს, ასე მივმართავ: ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი, მოგყვებით ბოლომდე. წარმატებები თქვენ, თქვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.