მამუკა მდინარაძე - კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა გაბუნიას კანდიდატურის შერჩევაში პრემიერიც მონაწილეობდა
ზაზა გაბუნია ძალიან პერსპექტიული და ენერგიული ადამიანია და ვფიქრობთ, თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობას კარგად წარუძღვება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით ზაზა გაბუნია თვითმმართველობის კომიტეტის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებდა.
„ვფიქრობთ, გაბუნია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეფორმებს მხარს კარგად აუბამს. გადაწყვეტილების მიღებაში, ბუნებრივია, ჩართული იყო ქვეყნისა და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი და ეს არის საერთო გადაწყვეტილება.
როდესაც საპარლამენტო თანამდებობებზეა საუბარი, ბუნებრივია, აქ დომინანტი არის პარლამენტი, თუმცა ჩვენ ყოველთვის საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გავდივართ პარტიის შიგნით და პარტიულ ხელმძღვანელობასთან ერთად. როდესაც არის ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საუბარი, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ სხვა ადამიანებს შორის პარტიის ხელმძღვანელიც გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ზაზა გაბუნია გახდა.