მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა
არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შემოსაღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროპელ კოლეგებს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ ვინმე ანტიევროპულ განწყობებს თუ აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილს პოზიტიურად წარმოიდგენენ.
„შესაბამისად, თუკი ვინმე ცდილობს, ეს ადამიანი შემოგვასაღოს, როგორც მოდერნიზატორი, თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ ხოლმე, სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები, რომელიმე რეზოლუციაში და ა.შ. ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ რაღაც მსგავს განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოიდგენენ. საქართველომ იცის და მისი საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის, ტყუილზე აგებული მისი პიარკამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტში 28 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.
ამასთან, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.