მამუკა მდინარაძე - ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ
მამუკა მდინარაძე - ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ

უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია, ხოლო გარე აქტორებმა კი პატივი უნდა სცენ და ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს.

„მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო, და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, თავის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს პრინციპული მეგობარი, რა თქმა უნდა, სჯობია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.