მამუკა მდინარაძე - ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით წნეხისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები
მამუკა მდინარაძე - ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით წნეხისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები

ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით, ამ წნეხისგან, უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ უკანონო პატიმრობისგან რაც შეიძლება მალე იხსნან საქართველოს მოქალაქე.

„საქართველომ, ბოლო დღეების განმავლობაში პირველად მიაღწია იმ იურიდიულ დოკუმენტამდე, რაც სტრასბურგის სასამართლომ დადო. რაც უკვე სამართლებრივადაც იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ჩვენი პრეტენზიები, სამართლებრივი დასაბუთებით უფრო მძლავრი ბერკეტები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით წარვადგინოთ ხოლმე. თუმცა ამ ყველაფერში არის ძალინ ცუდი ხვრელი, რასაც ჰქვია ოკუპანტის თავაშვებული მოქმედება საოკუპაციო ხაზის იქით, რასაც მოსდევს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა, პატივისა და ღირსების შელახვა, უკანონო დაპატიმრებები. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო მექნიზმების ჩართვით, ამ წნეხისგან, ამ უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მკვიდრეობით გვხვდა ჩვენ წინა ხელისუფლებისგან. ამას არასდროს გამოვტოვებ, რადგან იქ იყო გაუგონარი დანაშაული, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცინვალის, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად საყურადღებოა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი უკანონო პატიმრობისგან რაც შეიძლება მალე გამოვიხსნათ ჩვენი მოქალაქე. თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება, ეს არის ურთულესი თემა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.