მამუკა მდინარაძე - ვიდრე რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, რუსული საქმე ამ ქვეყანაში არ გავა
ეს არის რუსული პროვოკაცია, რუსული დაკვეთა, რომელ დაკვეთასაც ისინი ასრულებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მუნიციპალური სამსახურის გადაწყვეტილება, ჩამოეხსნა ეს ბანერები, მართებული იყო.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამგვარი სახის ბანერების განთავსება სახიფათო გზავნილია, რასაც პოლიტიკური პასუხი გაეცემა.
„წამოუდგენელია სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს. ეს არის რუსული პროვოკაცია რუსული დაკვეთა, რომელ დაკვეთასაც ასრულებენ. ამის იქით კომენტარი შეუძლებელია გააკეთო ადამიანმა. ახლა უახლესი ინფორმაცია მაქვს, მუნიციპალურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რადგან უკანონოა, შუღლს აღვივებს მრავალმხრივად, შეიძლება კანონის ფარგლებში შეაფასოს ეს ყველაფერი, ჩამოხსნა ბანერები და გადაწყვეტილება იყო შესაბამისი.
ყველა შემთხვევაში, იქნება ეს ფარული, თუ ღია მხარდამჭერი, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული საქმე ამ ქვეყანაში ვიდრე ის ოკუპაციას ახორციელებს, ვიდრე ასე ექცევა ჩვენს ქვეყანას, საერთოდაც არ გავა და ყველაფერს კონკრეტული სახელი უნდა დაერქვას. არც მინდა დეტალურად ჩავყვე ამ სახიფათო გზავნილს და იმ რისკებზე ვილაპარაკო, რაც თავის მხრივ, შემდეგ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ამისი საჭიროება არ არსებობს. წარმოუდგენელია ასეთ სენსიტიურ თემებზე ასე თავისუფლად ვასაუბროთ ვიღაცები და ბანერიც არ ჩამოვუხსნათ. ბანერიც ჩამოიხსნება და ამ მესიჯებსაც საკადრისი პასუხი გაეცემა ყოველთვის. აქ რისკებიც უნდა გავთვალოთ, თითოეულ სიტყვას უნდა ვზომავდეთ, ვინც არ უნდა იყოს, ოდნავ მაინც თუ უყვარს ქვეყანა. წარმოუდგენელი ამბავია და ამ წარმოუდგენელ ამბავს, პოლიტიკური პასუხი გაეცემა ჩვენი საუბრით. ასევე კონკრეტული ქმედებები იქნება კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ჩამოხსნიან. შემდეგ, სადაც უნდათ იქ გაასაჩივრონ და რამდენად კანონიერია თუ უკანონო ამ საჩივრის საფუძველზე, ვიმსჯელოთ და ვიდავოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აჭარაში „პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ბანერი ამ დროისთვის ჩამოხსნილია.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.