მამუკა მდინარაძე - თუ რამდენიმე დეპუტატი იმ შეთანხმებასაც არ იცავს, რაც ზედმეტი შეფასებისგან თავის შეკავებას შეეხება, ეს განსჯის საგანი გახდება
მამუკა მდინარაძე - თუ რამდენიმე დეპუტატი იმ შეთანხმებასაც არ იცავს, რაც ზედმეტი შეფასებისგან თავის შეკავებას შეეხება, ეს განსჯის საგანი გახდება

თუ რამდენიმე დეპუტატი იმ შეთანხმებასაც არ იცავს, რაც ზედმეტი შეფასებისგან თავის შეკავებას შეეხება, ეს დამატებითი განსჯის საგანი გახდება შეხვედრაზე, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართება, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გარკვეული შიდა წესები შეიქმნება, რაც პარტიის მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

„შემთხვევით არაფერს ვამბობ. ბოლო ორი დღეა ვიმეორებ, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება. გუნდში გარკვეული შეთანხმებაც არსებობს იმის შესახებ, რომ ზედმეტი განცხადებების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ. რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ შეთანხმებას მიაღწევს თითოეულ დეპუტატთან. რაიმე სანქციაზე საუბარი არ იყო, როცა თამაშის წესებზე ვსაუბრობთ, აქ სანქციები არ მოიაზრება. სანქცია ის უკიდურესი ფორმაა, რაც პირველივე ასეთი გამოვლენის დროს პარტიამ არ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მიიღწევა და გუნდის შიგნით ამის დიდი რესურსი არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობებიც. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რაზეც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.