მამუკა მდინარაძე - „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხის ზედმეტი პოლიტიზებით საზოგადოებას შეცდომაში შევიყვანთ
ძალიან კარგია, ნებისმიერი ადამიანის მზაობა, სამართალდამცავ ორგანოებთან და პარლამენტთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ყველა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რათა მსგავსი ინსტიტუტების საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას.
„ეს მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ. ეს სახელმწიფო და მათ შორის საზოგადოებრივი ინტერესია. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელიც გამოსაძიებლად საგამოძიებო ორგანოებს აქვთ, ამ საკითხზე თუ ზედმეტ პოლიტიზებას მოვახდენთ, საზოგადოებას შეცდომაში შევიყვანთ. ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების ინტერესსაც არსებითად დავაზიანებთ. მთავარი კითხვები, რომლებიც სამართალწარმოების პროცესთანაა დაკავშირებული გამოძიებისკენ უნდა მივმართოთ. მის შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ამით დავინტერესდეთ“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
დეპუტატის განცხადებით, ფინანსურ ინსტიტუტს ყველა უნდა გაუფრთხილდეს.
„მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით უდიდესი ხელშეწყობა აქვს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანო მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. ამ კითხვებზე, მათ შორის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს და ეს მოჰფენს ნათელს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს თუ სხვა საპროცესო მოქმედებებს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „თიბისი ბანკის“ საკითხი პარლამენტმა განიხილოს, მდინარაძის თქმით, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.
„შეიძლება, ეს საკითხი პარლამენტის განხილვის საგანი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეების დაინტერესება იქნება, თუ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გამოძიების მხრიდან მზაობა იქნება და დარწმუნებული ვარ, იქნება, რომ შედეგებზე პარლამენტს დეტალური ანგარიში წარუდგინოს. როდესაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, ბუნებრივია, პარლამენტიც დაინტერესდეს ამ კონკრეტული საქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე სამართალდამცავი ორგანოების ანგარიში მოვისმინოთ, იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც კანონი იძლევა. თუ მზაობას გამოხატავს კონკრეტული პირი, რომელიც ამ სამართალწარმოების პროცესში მხარედ მოიხსენიება, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს მისასალმებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას. ამასთან, მისი თქმით, მზად არის, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში წარიმართოს სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან იყოს აცილებული ქვეყნის ეკონომიკაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას 2018 წლის 2 აგვისტოდან აწარმოებს.