მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე
მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი ინსტიტუტი, ერთიანი გუნდი, პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. „თიბისის“ დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკმა“ გაასაჩივრა სასამართლოში 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და ელოდება მართლმსაჯულებას.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობს. ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესების გამო, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტზე ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო საფინანსო იურიდიული ფირმა „დენტონსის“ (DENTONS) დასკვნა, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მზად არის, რომ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს გადასცეს დასკვნა, 2007-2008 წლის კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობოებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„მზად ვართ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, ენჯეოები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას და ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხზე, რაზეც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.