მამუკა მდინარაძე - სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პარტნიორებს და საზოგადოებას კარგად დავანახოთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ უწყობდნენ ხელს რუსული ნარატივის გატარებას საქართველოში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კვლევითი კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადება იგნორირებულია და აქცენტი კონგრესმენ მარკვეინ მულენის განცხადებაზეა გადატანილი.
მდინარაძის თქმით, ბეიკონმა დაადასტურა, რომ ჩანაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ ეკუთვნის და სტაფერების მიერ მომზადდა.
„ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებაა, ერთი კონგრესმენ მალინის, მეორე ჩვენი ელჩის დავით ბაქრაძის, რომელიც ძალიან ღირსეული და კარგი დიპლომატია, ის წარმოადგენს საქართველოს აშშ-ში. ეს ორივე განცხადება რომ გვერდზე გადავდოთ, თავად კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა ორი დღის წინ, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის და რომ ჩანაწერი მომზადებული იქნა სტაფერის მიერ.
მე მგონი, აქ კითხვის ნიშნები აღარ არის. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კონკრეტულ წარმომადგენლებს, ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ასევე არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების ხისტი პოზიცია, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათგან დამოუკიდებლად, რაღაც ჩანაწერი იყო აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი თვითონ დოკუმენტის შინაარსიდან და ამასთან დაკავშირებით მათ ორ დღეშივე, მეორე, მესამე დღესვე გააკეთეს განცხადებები.
დღეს რატომღაც ბეიკონის განცხადებას ვაიგნორებთ და მხოლოდ მალინის განცხადებაზე გვაქვს აქცენტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ერთ კონგრესმენს შეიძლება მიაჩნდეს, შეცდომაში იყოს შეყვანილი და მეორე კონგრესმენი აბსოლუტურად საპირისპიროს ადასტურებდეს, მისი პოზიცია ჩვენს პოზიციას ემთხვეოდეს. ამის გარჩევას ნუ შევუდგებით, სამწუხაროა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში მისასალმებელია რეალობიდან გამომდინარე პოზიციის მხარდაჭერა“,- განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, თავად და „ქართული ოცნების“ გუნდი დიდი სიამოვნებით შევუერთდება რუსულ ინტერესებთან ბრძოლას საქართველოში.
„ამაზე დამაზიანებელი არაფერი არ არის და აქ პირველ რიგში, ყველა ჩვენგანს უნდა გაგვახსენდნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო საშიშები არიან, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურად და საქმეს რუსულს აკეთებენ, ჩვენი მტრის, ოკუპანტის საქმეს აკეთებენ, ისინი უფრო საშიშები არიან იმათზე, ვინც რუსულად საუბრობს, ვორდინგს არ ვგულისხმობ, რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ.
ამათზე საშიშები ის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგნელები არიან, ვინც პროდასავლურად დეკლალირებენ, პროდასავლურად საუბრობენ და ამ დროს, რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ. აქ საფრთხე მეტია და ამის იდენტიფიცირებაც უნდა შევძლოთ, მათ შორის, სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო პარტნიორებს და ქვეყნის შიგნით კარგად დავანახოთ საზოგადოებას, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში, როგორ უწყობდნენ რუსული ნარატივის გატარებას საქართველოში და როგორ ცდილობენ 8 წლის განმავლობაში, სხვას დააბრალონ თავისი გაკეთებული, თუ გაფუჭებული რუსული საქმე“,- განაცხადა მდინარაძემ.
კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებით, კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ტექნიკური ექსპერტები ჰყავდათ აყვანილი.
საუბარია აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელსაც კონგრესმენი ბეიკონი თავადაც აწერს ხელს.
ამასთან, 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთი, კონგრესმენი მარკვეინ მულენი „ტვიტერში“ წერს, რომ „ის და მისი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას იცავენ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დაიხევენ, მათ შორის არც საქართველოში“.
გარდა ამისა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ „კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორეს მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ“.
დავით ბაქრაძის თქმით, საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივია.