მამუკა მდინარაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა მისასალმებელია
მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიდგომა უდავოდ მისასალმებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განცხადების შესახებ აღნიშნა.
დეპუტატის შეფასებით, რაც უფრო დახვეწილია შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები, მით უფრო გამორიცხულია სუბიექტური მიდგომა.
„წინა პრეზიდენტებს ჩვენც ვაკრიტიკებდით და ამის ობიექტური საფუძვლებიც იყო. რაც უფრო დახვეწილია პროცედურები და კრიტერიუმები, მით მეტადაა ხოლმე გამორიცხული სუბიექტური მიდგომა, დამოკიდებულება და ამის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ასეთი მიდგომა უდავოდ მისასალმებელია. შეწყალების პროცესზე სუბიექტური გავლენების ნაკლებ რისკს შეიცავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბევრ საკითხში მოსაზრებების თანხვედრა არსებობს, რაც შემთხვევითი არ არის.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას შეწყალების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა.