მამუკა მდინარაძე - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ამ ბრძოლაში ისევ თუ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, შეიძლება, ამბავი ცოტა უფრო საინტერესო გახდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
მისივე თქმით, ამას გარდა, მეორე საკითხია პოლიტიკური მიზანშეწონილობა.
„იყო თუ არა სამართლებრივი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის? – ეს გაწერილია კონსტიტუციით და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ეს საფუძველი იყო. მეორე საკითხია – პოლიტიკური მიზანშეწონილობა. პარლამენტის დისკრეციაა, როცა პარლამენტი საკითხს წყვეტს ასე, ან ისე. პარლამენტისთვის რა იქნებოდა საფუძველი მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიეჩნია, ეს არის პარლამენტის დისკრეციაა და ამაში რაღაცის პოვნა, შარის მოძებნა უცოდინრობაა. პარლამენტის დისკრეციული უფლების განხორციელების საფუძველი რა იქნება, ეს არის პარლამენტის საქმე და სხვისი არავის. გგონიათ, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება? – თუ კონსტიტუციას ვერ კითხულობთ, ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხარდაჭერის გამოცხადებას, საკითხის შეფასებისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, დამნაშავედ ცნობილი ადამიანის კანდიდატად დაყენება კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველის შეურაცხყოფაა.
„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატს მოაბილიზებს. ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი, ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ იყო ცნობილი და ამის შემდეგ, მისი კანდიდატურა გარდაბნელებს და რუსთაველებს შესთავაზეს. რამდენ რაიონში დააყენეს დამნაშავე კანდიდატები? ეს ჩვენი შეფასებით კი არ არის და ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არიან დამნაშავედ ცნობილი. ისინი მათ კანდიდატებად პერმანენტულად აყენებენ ხოლმე, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს.
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გიორგი გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ამბავი ცოტა უფრო საინტერესო გახდეს. თუ ამას ვერ გაბედავს იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლდა მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება საქმე. გულწრფელად გეუბნებით, რომ ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება, ჩვენთვის ცოტა უხერხულობა იყოს. ახლა ერთ-ერთ ინტრიგად რჩება, ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ – არა. სხვ არაფერია, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, რადგან შეუძლებელია, ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებსა და რუსთავში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა მოუგოს, მით უმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად ორი დღის წინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში არ დააყენებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს.