მამუკა მდინარაძე - საქართველო არასდროს დაუშვებს, უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ
მამუკა მდინარაძე - საქართველო არასდროს დაუშვებს, უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ

საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ გარედან ძალიან ბევრი ჩარევა იქნება, „ომის პარტიის“ სხვადასხვა წარმომადგენელი შიგნით თუ გარეთ შეეცდება, საარჩევნო პროცესებზე მოახდინოს გავლენა.

მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი რომ დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზულია და რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად განსჯის. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. „ომის პარტიის“ სხვადასხვა წარმომადგენელი შიგნით თუ გარეთ შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესებზე მოახდინოს გავლენა. ჩვენი ოპონენტები, თავის მხრივ, ეს გულმხურვალე აგენტურა, შეეცდება, რომ მაშველი რგოლი ყველა შემთხვევაში კარგად გამოიყენოს ხოლმე; მაშველი რგოლი, რომელიც გარედან იქნება გადმოგდებული, ასევე, ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება საქართველოში. საქართველოში, ხაზგასმით ვამბობ, გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.