მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები
სახელმწიფო ყველა თავისი ქმედებითა და თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ ადამიანს ბრალი მაშინ წაუყენა, როცა შესაბამისი მტკიცებულებები მოიძიეს და საამისო პირობები შეიქმნა.
„რეალურად, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ინტენსიურ კონტაქტზე ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელებთან. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოლო სხდომამდე სამი დღით ადრე მისცა ჩვენება გამოძიებას, შემდეგ ამ ჩვენების საფუძველზე დაიკითხნენ სხვა ადამიანებიც და შესაბამისად, ამის შემდეგ მოგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებული იქნა დღეს მირზა სუბელიანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.
უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.
ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.