შსს-ს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს
შსს-ს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს მირზა სუბელიანი დააკავეს.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.