მამუკა მდინარაძე - დაცვის გამოყენებაზე რეგულაცია მხოლოდ მარგველაშვილზე არ გავრცელებულა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების მიმართაც იგივე იქნება
სახელმწიფო დაცვა როგორც მოეხსნება ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ისე მოიხსნის დაცვას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძე სახელმწიფო დაცვის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს განმარტავს და აღნიშნავს, რომ რეგულაცია არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ეხება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს.
„როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ამ რეგულაციას მაშინ დაუჭირა მხარი. ერთი წლის გასვლის შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძე დაცვის ობიექტი არ იქნება, მოიხსნის ამ პრივილეგიას, თუ დაცვის ერთგვარ გარანტიას. თუ რამე განსაკუთრებული საფრთხე არ არის კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც დაცვას ექვემდებარება; თუ თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დაცვის საკითხი შეფასების საგანი არ გახდა, მას დაცვა არ უნდა ჰყავდეს, საქართველოში არის ის დრო. თავის დროზე, ეს საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა და ამისი ცალკე პიარსვლად გამოყენება სწორი არ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, დაცვის საჭიროების შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი რეგულაცია.
„თუ სჭირდება დაცვა, შესაბამისი რეგულაცია არსებობს. თუ არ სჭირდება, ეს რეგულაცია მხოლოდ მარგველაშვილსა და პრეზიდენტზე არ გავრცელებულა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეების მიმართაც იგივე რეგულაცია იქნება. ამ ხალხს არ უწუწუნია და სხვებიც ნუ იწუწუნებენ. როგორ შეიძლება, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს ვინმეს წინააღმდეგ კანონის დათქმა, რომელიც ყველამ ერთხმად აღიარა, რომ არის ჩვეულებრივი დემოკრატიული და ბუნებრივი ამბავი. დაცვა როგორც მოეხსნება გიორგი მარგველაშვილს, ისე მოიხსნის ირაკლი კობახიძეც შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ. ანუ რა გამოდის, კობახიძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მარგველაშვილზე მიიღო და ამას თავისი თავიც მოაყოლა? ალბათ, არასერიოზული განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას დაცვა გაუუქმეს. „ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს მარგველაშვილი.
პარლამენტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონი გასულ წელს მიიღო. ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება, დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.