მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება, რომელიც თავიდან იყო საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ლარი და გადახურდავდა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება, რომელიც თავიდან იყო საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ლარი და გადახურდავდა

პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია. იცის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაცის წინააღმდეგია. შეიძლება, მას უნდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა და სწორედ ამის გამო ვერ აკეთებდეს. მის განცხადებაში ორმხრივი კრიტიკა ამის მანიშნებელი და დამადასტურებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძე სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აუცილებელი არ არის უმრავლესობის გაკრიტიკება, როდესაც ის მართალია.

„რაც შეეხება ორივე მხარის მიმართულებით განცხადებას, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის გაკრიტიკებას, მგონია, ეს გარკვეული კომპლექსიდან გამომდინარეა. თუ უმრავლესობა რაღაცაში მართალია, არ არის აუცილებელი, უმრავლესობაც გააკრიტიკო და ტალახი უმრავლესობას და ოპოზიციას ესროლო. თუ მიაჩნია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ვიღაც რაღაცას ძალიან ცუდად აკეთებს, თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ ეს არის ცუდი. ამავდროულად, ვინმემ რამე არ დამაბრალოს და ტალახს ვესვრი უმრავლესობასაცო, არ მგონია, ეს სწორი მიდგომა იყოს. ყველა ბოლო განცხადებაში ეს იკითხება. თან ხვდება, ხალხის აზრს რომ ძალიან ასცდეს, დიდ კრიტიკას მიიღებს. ამბობს, არ შევიწყალებ, თან პრეზიდენტი ტალახს ისვრის უმრავლესობის მიმართულებით მხოლოდ იმიტომ, თითქოს სხვისი აზრიც გათვალისწინებული აქვს. პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია. არ არის აუცილებელი მეორე მხარესაც კრიტიკის ქარცეცხლი შემოატაროს მხოლოდ იმისთვის, თითქოს ბალანსი დაცული იყოს მის განცხადებაში. სათქმელი უნდა ითქვას მკაფიოდ და კიდევ უფრო მართალი იქნება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია“.

მდინარაძის თქმით, კობახიძის კრიტიკის განსაკუთრებული ფორმა იყო შერჩეული.

„როდესაც პრეზიდენტი ამ ფორმით აკეთებს ამას, შეიძლება იყო ძალიან არაეთიკური და ასეც გამოჩნდა. ასეთი ხუმრობის ავტორმა დასკვნები იმის მიხედვით უნდა გამოიტანოს ხოლმე, ამაზე ვის რა რეაქცია აქვს. მარტო „ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ე.ი. რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი. ამიტომ სხვა დროს არ ვურჩევდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსოფლიოში ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას და სიმულაციას პიარი, ლობისტები დასჭირდა.

„სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება. მილიონობით დოლარი, რომელიც გადახურდავდა, თავიდან იყო ლარი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული. გიული ალასანიას დღევანდელი განცხადება ყველაფერზე მოწმობდა. მისი გაღიზიანებაც ყველაფერზე მოწმობდა, ისეთი თემა ამოუვარდათ, რომელსაც არაფრით ისურვებდნენ. არც ფულის გადახდას იმ კამპანიაში, რომლითაც სიმულაცია და ავადმყოფობა პიარდება. მსოფლიოში ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას და სიმულაციას პიარი, ლობისტები დასჭირდა. მათ პასუხი აქვთ გასაცემი მთავარ კითხვაზე, საიდან ამხელა თანხები კონკრეტული ადამიანის ხელში, რომელსაც ეს დეკლარირებული არსად აქვს? მილიონი დოლარი პიჯაკების თანხაა? ცხრა მილიონის მოპარვას პიჯაკების საქმედ რომ ნათლავდნენ, ეს პიარი ხომ წყალში ეყრებათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.