მამუკა მდინარაძე - როცა ილხამ გასანოვმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სია ნახა, ალბათ იფიქრა, რომ იქ ჭეშმარიტებას ეზიარებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგიონებში „ქართული ოცნების“ წევრებს, საზღაურის სანაცლოდ, გარკვეული მოქმედებების განხორციელებას სთავაზობენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძე მარნეულის საკრებულოს წევრის, ილხამ გასანოვის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას გამოეხმაურა.
„ალბათ, როცა გასანოვმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სია ნახა, იფიქრა, რომ ნამდვილ ჭეშმარიტებას იქ ეზიარებოდა. ეს ხუმრობით, მაგრამ თუ ამაზე სერიოზულად ვილაპარაკებთ, გეტყვით, რომ ინფორმაციები გვაქვს, რომ გარკვეული საზღაურის სანაცლოდ, ჩვენი გუნდის წევრებს რეგიონებში სთავაზობენ, რომ გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. მაგალითად, პროვოკაციაზე წავიდნენ, გუნდი დატოვონ და ა.შ. ალბათ, ჩემი მხრიდან იმის ხაზგასმა შემთხვევითი არ იქნება, რომ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის იმ ნაწილში, რომელსაც შანსი არ აქვს პარლამენტში მოხვედრის და წინ აღმოჩნდნენ ნატო ჩხეიძე, კახა ოქრიაშვილი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი და ა.შ. ეს არის სია, რომელიც ორი ნიშნით არის შედგენილი – სიაში ხვდებიან ერთი მხრივ, ბრალდებული ან მსჯავრდებული ადამიანები, მეორე მხრივ, კი ისინი, ვისაც ბევრი ფული აქვთ. ეს შემთხვევითი არ არის იმასთან მიმართებით, რასაც თქვენ გასანოვთან დაკავშირებით მეკითხებით“, – განაცხადა მდინარაძემ.