მამუკა მდინარაძე - როცა ადამიანი გუნდიდან მიდის, თანამდებობას აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს და ტექნიკური დეტალი სალაპარაკოდ არ აქციოს 
მამუკა მდინარაძე - როცა ადამიანი გუნდიდან მიდის, თანამდებობას აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს და ტექნიკური დეტალი სალაპარაკოდ არ აქციოს 

ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ასე კარგად თუ იციან პიარი, მაშინ გამოეყენებინათ, როცა ჩვენს გუნდში იყვნენ, მაგრამ ეტყობა, ინახავდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ კარგად იციან, გაურკვევლობის გამო მოხდა, რომ კენჭისყრის შედეგად დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.

„ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ გაურკვევლობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. კენჭისყრა დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ, სადაც გაირკვევა მარტივი პოზიცია, რომ როცა ადამიანი გუნდიდან მიდის, თანამდებობას აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური პრობლემები და ისე უნდა მოიქცეს, რომ არ გახადოს ტექნიკური დეტალი სალაპარაკო. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება დღესვე იყოს მიღებული, რაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ოპონენტებს ეგონათ, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობდით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა მმართველი გუნდის წევრი ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზეა“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, შედგა იმ დეპუტატებთან შეხვედრა, რომლებმაც კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს.

„ცხრა დეპუტატთან შეხვედრა გვქონდა, რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება. მათ თქვეს, რომ პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ არ აისახა. გარკვეული გაურკვევლობა იყო, ისეთივე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კანონპროექტზე მოხდა, რომელიც ჩავარდა. ასეთი გაურკვევლობის გამო კანონპროექტი ჩავარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელმეორე კენჭისყრაზე გუნდის რეალური პოზიცია გამოჩნდება.

„კენჭისყრაზე გუნდის რეალურ პოზიციას ვნახავთ. მათი ეს ჟრიამული, მხოლოდ იმის გაგრძელებაა, რასაც ისედაც კადრულობენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ.