მამუკა მდინარაძე - რეგლამენტის დარღვევაა, როცა დეპუტატი მინისტრს იბარებს და ის არ მიდის, თუმცა პარლამენტში ყოფნიდან მეორე-მესამე დღეს მინისტრის ისევ დაბარება, არის ახირება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეგლამენტის დარღვევაა, როცა დეპუტატი მინისტრს პარლამენტში იბარებს და ის არ მიდის.
თუმცა, მისივე თქმით, მეორე საკითხია, ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს.
„რეგლამენტის დარღვევას აქვს ადგილი, რადგან რეგლამენტის მოთხოვნაა, რომ როცა დეპუტატები მინისტრს დაიბარებენ, ის საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოვიდეს. თუმცა, მეორე საკითხია, ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს. კერძოდ, როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ერთ თვიანი შუალედსა და ინტერვალსაც კი არ აძლევ იმისათვის, რომ მან დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცეს, ეს ახირებაა. მაგალითად, ეს პრაქტიკა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით დაიხვეწა. ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში იყო მოსული, ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც დეპუტატებს აინტერესებდათ და ამის შემდეგ იყო ახირება, რომ რეგლამენტის ამ ფორმალური მოთხოვნების დაცვით რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადებულიყო. ჩვენ შევთანხმდით და კომიტეტმა ეს შეთანხმება გააფორმა კიდეც. ჯანდაცვის მინისტრი დამატებით დაიბარა არა მეორე დღეს, არამედ გარკვეული ვადის შემდეგ და ერთ თვეში ჯანდაცვის მინისტრი ისევ მოვა პარლამენტში. თუ გვინდა, რომ ფორმალური ახირებები რაღაცნაირად გავაფორმოთ, რომ ყოველ მეორე დღეს მინისტრი პარლამენტში იყოს, თავის საქმეს მოვწყვიტოთ, აღარაფერი აკეთოს და მხოლოდ აქ იყოს, ესეც შეიძლება, მაგრამ ეს საქმეს არ გააკეთებს. მოტივი, რომ კომიტეტზე მეტ კითხვას დავსვამ, უფრო გაბრაზებული და ამიტომ, მინისტრი კომიტეტზეც უნდა მოვიდეს მაშინ, როცა გუშინწინ აქ იყო, ეს ახირება არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ რეგლამენტის დარღვევაზე ვილაპარაკოთ. გიდასტურებთ, რომ რეგლამენტის კონკრეტული ნორმის მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ამასობაში, რეალურია ამ ყველაფრის ის გამართლება, რომ ყოველ მეორე დღეს ბუკვალური დაცვით რეგლამენტის ახირებები არ უნდა შევასრულოთ. ამ მიმართულებით, თუ საჭირო გახდება, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რადგან ცალკეული დეპუტატები საქმეს ასე არაპასუხისმგებლობით უდგებიან“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.