მამუკა მდინარაძე - რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი ოპოზიციამ, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან
მამუკა მდინარაძე - რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი ოპოზიციამ, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან

საარჩევნო ცვლილებებს გარკვეული ვადა სჭირდება, როცა რამდენიმეთვიან პროცესზე ვსაუბრობთ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, პირობითად, ზაფხულში მივაღწიოთ რაღაც შეთანხმებას და ეს შემდეგ შესაბამის კანონმდებლობაში აისახოს, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და პოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მმართველი გუნდის შეთავაზებას.

შემჭიდროვებული ვადები არსებობს, როცა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი იმაზე, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან. კერძოდ, თანხმდებიან, თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს, თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ ე.წ. გერმანულ მოდელზე. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას ულტიმატუმი ისევ გარკვეულ კომპრომისად შეასაღოს, რაც არ გამოვა. ულტიმატუმები კომპრომისად არ საღდება და ამას ჩვენი საზოგადოება ასე არ მიიღებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება პასუხს ელოდება.

„რეალურ კომპრომისზე თანხმდებიან თუ არა, ამაზე პასუხს ველოდებით. ამ გადაწყვეტილების სისწრაფის მიზანშეწონილობა იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ შეუძლებელი ხდება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თეორიულად საუბარიც კი, ასევე საარჩევნო კანონდებლობაში რამე ცვლილების შეტანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გასული წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი – 100/50 შესთავაზა. მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი აღნიშნულ სისტემაში. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.