მამუკა მდინარაძე - რა კითხვას დასვამს „ალტ ინფო“ და რას უპასუხებს ლავროვი, ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„რა კითხვას დასვამს „ალტ ინფო“ და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:
რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
რუსეთს – მიჰყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!
რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!
საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „ალტ ინფოს“ წარმომადგენლის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.