მამუკა მდინარაძე - ქართულმა მხარემ რუსეთთან პროცესის დეესკლაციისა და ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით, ყველა ბერკეტი და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთთან პროცესის დეესკლაციისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით, ყველა ბერკეტი და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ისეთ განცხადებას არასდროს გააკეთებენ, რომ ბოლომდე მოგვეწონოს. ეს ფაქტია და სამწუხარო მოცემულობაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ყველა ბერკეტი, საერთაშორისო მექანიზმი და პარტნიორების მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ პროცესის დეესკლაციისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში იმედოვნებენ, 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს.