დიმიტრი პესკოვი - მოსკოვში იმედოვნებენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვში იმედოვნებენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს

მოსკოვში იმედოვნებენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში ძალიან მტკივნეულად მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განმარტებით, ამას საქართველოს დედაქალაქიდან „ისტერიკა“ მოჰყვა, რაც მისი შეფასებით, მომხდართან დაკავშირებით „არც თუ ისე ადეკვატური რეაქცია იყო“.

როგორც რუსული მედია იუწყება, დიმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, მიიღეს თუ არა თბილისიდან რაიმე სახის სიგნალი დიალოგის დაწყებაზე მზადყოფნასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ვხედავდით ბრბოს სიგნალს, ასევე ხელისუფლების სიგნალს, რომელმაც ამ ბრბოს ქმედებაზე თვალი დახუჭეს, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა თბილისიდან წამოსვლა გაჭირვებით მოახერხეს. ჩვენ ეს სიგნალები ვნახეთ და არ მოგვეწონა. მოდით, გვქონდეს იმედი, რომ მომავალში მსგავსი სიგნალების გარეშე ვიცხოვრებთ“, – განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი აფასებს რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობას. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში კარგი ურთიერთობის აღდგენა სურთ, თუმცა პრესმდივანმა აქვე დაამატა, რომ „ოფიციალურ თბილისში ამ დრომდე არსებობს პრობლემები“.

გასულ კვირას, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.