მამუკა მდინარაძე - რუსული ნარატივის შემოტანა არის მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რადგან კომპლექსი აწუხებს რუსული წარსულის შესახებ
ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივის შემოტანა არის მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რომელსაც კომპლექსი აწუხებს თავისი რუსული წარსულის შესახებ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მელია აცხადებდა, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღის მანძილზე მესიჯბოქსს ოთხჯერ ცვლის, ოღონდ, სიტყვა იყოს რუსული და ათასს სისულელეს ლაპარაკობენ.
„ძალიან გამიჭირდება, რომ ამ საკითხზე სერიოზული სახით ვილაპარაკო. ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივის შემოტანა არის თავად მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რომელსაც კომპლექსი აწუხებს თავისი რუსული წარსულის შესახებ. არა იმაზე, რომ ჯარში მსახურობდა, არამედ რამდენად რუსული ნაბიჯები გადადგა და რამდენად რუსეთის სასიკეთო საქმე აკეთა მთელი თავისი „მოღვაწეობის“ ფარგლებში, როცა მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს ქმნიდა. ორი ნარატივი გვაქვს – ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქართული სახელმწიფო და მეორე, შეგიძლია, აკეთო რუსული საქმე, მაგრამ რუსეთს და პუტინს მაგრად თუ შეაგინებ, ამ ყველაფერს სხვას დააბრალებ. ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღის მანძილზე მესიჯბოქსს ოთხჯერ ცვლის, ოღონდ, სიტყვა იყოს რუსული და ათასს სისულელეს ლაპარაკობენ. სამსახურში რა ილაპარაკეს, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ.