ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები
ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს. ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება, რაც არ უნდა ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებს ყურს სჭრიდეს. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო. თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები. მერამდენეჯერ კვლავ ასე უჩუმრად იტაცებენ ადამიანს ღამის საათებში. თუკი ისინი წელში გამართული არიან, თუკი ხელისუფლებას, რეჟიმს ჰგონია, რომ სამართლიანად ჰყავთ პატიმრობაში ადამიანი, ატარებს ბრიფინგს, თუ არადა, სულ მცირე ადვოკატს საქმის კურსში აყენებს. ამის შემდეგ ხდება ეტაპირება და არა გატაცებები. ეს არის გატაცება, მეტი არაფერი. ადრე თუ გვიან, ამ ვიდეოკადრებსაც ვიხილავთ, კიდევ უფრო შემზარავი და მძიმე საყურებელი იქნება, ვიდრე ეს მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გატაცებისას. მიხეილ სააკაშვილის გატაცება სურდათ რამდენიმე დღის წინ. მწოლიარეს ექვსი ადამიანი დასხმია თავს, ეკა ხერხეულიძისგან გავიგე. გამოდის უთავმოყვარეო, დამნაშავე იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე და წნევის ცვალებადობის გამო არ გადავიყვანეთო. წნევის ცვალებადობის გამო კი არა, გასკდა კინაღამ ადამიანი. უბრალოდ, შეეშინდათ, რომ ხელში არ ჩაკვდომოდათ მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოიტაცეს რამდენიმე დღის წინ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.