მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს ჩატარება იყო დაპირება, რომელიც უნდა შესრულებულიყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო დაპირება, რომელიც უნდა შესრულებულიყო.
როგორც მდინარაძემ მჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის უკეთესია და მხოლოდ ამ ფაქტორის გამო უნდა დაეჭირათ მხარი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტისთვის.
„ზოგადად, მეც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი და ამ ფაქტორის გამო უნდა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც ნახეთ, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. საქმე ეხება არა იმას, რომ პროპორციული არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება, ჩატარდება, ოღონდ საუბარი იყო ვადის გადმოწევაზე. ეს იყო დაპირება, რომელიც უნდა შესრულებულიყო. თქვენ ნახეთ მაჟორიტარი დეპუტატების, ჩვენი კოლეგების, რეაქცია ამასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც ასეთი დუღილი მიმდინარეობს და დაძაბული სიტუაციაა უმრავლესობის შიგნით, კონკრეტული, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ თავდასხმა პარტიის ოფისთან და უმრავლესობის დეპუტატებისთვის და განსაკუთრებით მაჟორიტარებისთვის მონის ძახილი, უპასუხისმგებლობაა, რამაც, ასევე, კატალიზატორის როლი ითამაშა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.