მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გზავნილები იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები
მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გზავნილები იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები

ძალიან მკაფიო გზავნილები, რომლებიც პრემიერისგან მთავრობის პირველ სხდომაზე იყო წარმოთქმული, ალბათ მარტივად გასაგები იყო, თუმცა შეფასება შეიძლება, რომ ეს იყო გზავნილი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, ჩვენ შეგვიძლია, რომ სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე, იმდენად დიდი მასშტაბი დინამიკაში შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებით და სატელევიზიო შოუებად წარმოჩინებული. არა, პირიქით დინამიკურად და სწორი მოქმედებით, შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში, როგორც მომავალმა პრემიერმა პარლამენტში განაცხადა და როგორც უკვე არჩეულმა პრემიერმა დღეს თქვა, და შემთხვევითი არ იყო ამასთან დაკავშირებით გზავნილი“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება სერვისების გაუმჯობესებას, ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ ყველა ქვეყნის.

„ბიუროკრატიული საკითხები ხომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კონკრეტული მაგალითი შემიძლია, გითხრათ – არაერთი ამბავი მსმენია, რომ, მაგალითად, 10-დღიანი ვადა აქვს რაღაც ინფორმაციის გაცემის საჯარო სამსახურებს და ხდება ხოლმე, დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, რომ მაინცდამაინც მეათე დღის ბოლოს აგზავნის ვიღაც პასუხს. ამით მოქალაქეები, ბუნებრივია, ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს გზავნილი იყო დღეს პრემიერის მეორე მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს და თუ შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოქალაქეს თავის განცხადებასთან, თავის პრობლემასთან დაკავშირებით მეორე ან მესამე დღეს გასცეს პასუხი, ამას არ სჭირდება არც ათი დღე და, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც თვეობით გრძელდება ეს.

ბუნებრივია, ვადები არის იმისთვის, რომ, როდესაც რთული საკითხებია, შეიძლება, რთულ საკითხებს დასჭირდეს დღეები და რაღაცის შესწავლას ცოტა კიდევ მეტი, მაგრამ მაშინ, როდესაც შესაძლებელია, საკითხები მარტივად, უფრო მალე გადაწყდეს, არ უნდა დაელოდოს რომელიმე საჯარო მოხელე ან მოსამსახურე იმ ვადას, რომ მაინცდამაინც, აი, მე ათი დღე მაქვს და ბოლო დღეს გავუშვებ ამ წერილზე პასუხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.