მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს საქართველოს წინააღმდეგ რუსულ დაკვეთას უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს ეხმაურება, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული.
მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული დაკვეთაა.
საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.